თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებს ჰქონდათ მცდელობა, გადმოეკიდათ ბანერი წარწერით "კორუფცია კლავს".
სამოქალაქო აქტივისტებს კახა კალაძის გამოსვლის დროს წარწერის გადმოკიდების საშუალება არ მისცეს და სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
ფორმულას ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებს დარბაზში მობილიზებული ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის აქტივისტები და წევრები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
"სხდომაზე გავშალეთ ბანერი, სადაც არის წარწერა "კორუფცია კლავს" და ამ დროს მოულოდნელად, კალაძის ზონდერები დაგვესხნენ თავს და შეეცადნენ, ეს ბანერი წაერთვათ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. მოყვანილი ჰყავს თავისი ზონდერები, დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ფულს უხდის და სწორედ ამისთვის იყენებს ეს ადამიანი ამ ხალხს, რომ ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენონ და ელემენტარული პროტესტი არ გამოვხატოთ", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
კახა კალაძემ ანგარიში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო და დეპუტატებს შადრევანში გარდაცვლილი მოზარდის ხსოვნისთვის პატივის მიგება სთხოვა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს ტერიტორიაზე კახა კალაძეს სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი ბანერები: "უსამართლობით სავსე ქალაქი", "შიმშილით სავსე ქალაქი", "კორუფციით სავსე ქალაქი".